კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტში

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტმა 2021 წლის საგარეო ოპერაციების კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც საქართველოსთვის 132 მილიონის გამოყოფას ითვალისწინებს. პროექტი დაფინანსების ნაწილის შეჩერებას გულისხმობდა, რომელსაც განხილვის დროს შესწორებები არ შეეხო და პირველადი სახით დამტკიცდა.

კერძოდ, დოკუმენტში წერია, რომ დახმარების 15 პროცენტის გამოყოფის ვალდებულება შეიძლება შეჩერდეს, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი არ განსაზღვრავს და არ წარუდგენს ასიგნებათა კომიტეტის ანგარიშს, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ეფექტიან ნაბიჯებს: დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად; მთავრობაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, მათ შორის ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების გამოყენებით.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე. კანონპროექტში საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, შეერთებული შტატების კრიტიკული მნიშვნელობის მოკავშირედაა მოხსენიებული, რომლებიც რუსეთის აგრესიის წინა ხაზზე იმყოფებიან.