კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ - შეფასებები

„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ხვალ პარლამენტის ბიუროს წარედგინება. პარალელურად, ხვალვე ოპოზიციონერი დეპუტატები წარადგენენ ალტერნატიულ დოკუმენტს, სახელწოდებით „ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ პროექტი. ინიციატორები „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია არიან. ორივე პროექტი ბიუროს 8 აპრილის სხდომაზე დაინიცირდება და განხილვისთვის კომიტეტს გადაეცემა. უმრავლესობის მიერ შემუშავებული პროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. ორგანიზაცია ვალდებული იქნება შესაბამის ბაზაში დარეგისტრირდეს და ყოველწლიურად საფინანსო დეკლარაცია შეავსოს. რაც შეეხება ალტერნატიულ პროექტს, დოკუმენტით განისაზღვრება ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის ძალა, ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტი. ამასთან იკრძალება ისეთი საქმიანობები, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას, მათ შორის – ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის ხელის შეშლას.

პოლიტიკური ოპონენტები ისევ ურთიერთბრალდებების რეჟიმში არიან.