კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლა იზრდება. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროპელი კანონმდებლები, ევროკავშირი – უცხოური გავლენების შესახებ ხელახლა ინიცირებული რეზონანსული კანონპროექტი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მწვავე კრიტიკის სამიზნე ხდება.

უცხოელი პარტნიორები მმართველ გუნდს ინიციატივის უკან გაწვევას სთხოვენ და შეფასებების დროს ტერმინ „რუსული კანონის“ გამოყენებასაც არ ერიდებიან. მთავარი გზავნილია, რომ წარდგენილი პროექტი სამოქალაქო სექტორის საქმიანობას შეზღუდავს და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს საფრთხეს შეუქმნის. პოლიტიკური ვნებათაღელვაა ქვეყნის შიგნითაც. ოპოზიცია და მესამე სექტორი „ქართულ ოცნებას“ შარშანდელი მძიმე მოვლენების და მაშინ „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილი პროექტის უკან გაწვევის შემდეგ გაცემულ დაპირებას ახსენებს. მმართველი გუნდი ამჯერად უკან დახევას არ აპირებს. პარტიის ლიდერებს პუნქტობრივად უწევთ მტკიცება, რომ რუსეთში მოქმედი კანონისგან მკვეთრად გასხვავებული და ევროპის ცალკეულ ქვეყნებში უკვე მოქმედი თუ ინიცირებულ კანონების მსგავსია სადავო ინიციატივა, რომელიც 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსების მქონე მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს წელიწადში ერთხელ ფინანსური დეკლარაციების წარდგენას ავალდებულებს.