კვლავ განხილვის თემაა სადავო კანონპროექტი. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ – დოკუმენტის ირგვლივ ურთიერთბრალდებები არ წყდება. ინიციატივას ორშაბათს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილავენ. ხელისუფლების ოპონენტები „ქართული ოცნებას“ მწვავედ აკრიტიკებენ და პროექტს რუსეთში უკვე მოქმედი კანონის ანალოგად მიიჩნევენ. მმართველ გუნდში კი აღნიშნულს ფინანსური გამჭვირვალობით ხსნიან. შეგახსენებთ, რომ პროექტი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს ყოველწლიურად ფინანსური დეკლარაციებისა და დონორებისგან მიღებული თანხების მიზნობრიობის წარდგენას ავალდებულებს. ეს ეხებათ მხოლოდ მათ, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.