კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

პოლიტიკური შეფასებების თემაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტიც. დოკუმენტი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს ყოველწლიურად ფინანსური დეკლარაციებისა და დონორებისგან მიღებული თანხების მიზნობრიობის წარდგენას ავალდებულებს. ეს ეხებათ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ. სადავო ინიციატივას ორშაბათს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილავენ.

ხელისუფლების ოპონენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” პროექტს მწვავედ აკრიტიკებენ და ამას რუსეთში უკვე მოქმედი კანონის ანალოგად მიიჩნევენ. „ქართული ოცნება” კი მესამე სექტორში დაფინანსების მხრივ არსებულ გაუმჭვირვალობაზე მიუთითებს და ოპონენტებს შინაარსობრივ დისკუსიაში ჩართვისკენ მოუწოდებს.