კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“- „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს ორშაბათს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილავენ. მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული პროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ ისეთი არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. ორგანიზაცია ვალდებული იქნება შესაბამის ბაზაში დარეგისტრირდეს და ყოველწლიურად საფინანსო დეკლარაცია შეავსოს. ხელისუფლების ოპონენტები „ქართული ოცნების“ ინიციატივას რუსულ უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ კანონპროექტი ქართველი ხალხის ინტერესებს არ გამოხატავს. უმრავლესობის წევრები კი განმარტავენ, რომ პროექტში არ არის გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი სანქციები და დეკლარაციის არ წარდგენის შემთხვევაში, ორგანიზაციას მხოლოდ ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს.