კანონპროექტი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ - მხარეთა პოზიციები

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ლექსიკაში ცნობილი ტერმინი დაბრუნდა.

ხელისუფლების ოპონენტებისთვის 2023 წლის მარტის ცნობილი მოვლენების დროს უკან გაწვეული და მმართველი გუნდის მიერ ხელახლა დაბრუნებული ინიციატივა რუსული კანონია. „ქართულ ოცნებას“ მწვავედ აკრიტიკებს პრეზიდენტიც. შარშანდელისგან გასხვავებით, ამჯერად საკმაოდ მკაცრია თავად მმართველი გუნდის რიტორიკაც, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს შარშან მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაში და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებაში სდებს ბრალს. დღეს პროექტის მოწინააღმდეგეებს უცხოური გავლენების შესახებ ის ინიციატივები შეახსენეს, რომლებიც ბოლო თვეებში ევროკომისიაში, ასევე ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაინიცირდა. 2020 წლის არჩევნების ბოიკოტი, 2021-22 წლების მასშტაბური აქციები, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან შეერთების მოთხოვნა, სასამართლოს და მოსამართლეების მწვავე კრიტიკა – ყველა ამ მოვლენის მიღმა ხელისუფლება ცალკეული უცხოური დონორი ორგანიზაციების და მათ მიერ დაფინანსებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების კვალს ხედავს. სახელდება რამდენიმე კონკრეტული ორგანიზაციაც. განმეორდება თუ არა 2023 წლის მარტის მოვლენები – საგანგებო შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციები სამოქმედო გეგმას სახავენ.