კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ 

მოწოდებების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ ჩერდება.

პარლამენტის უკვე მესამე კომიტეტი ამ წუთებშიც განიხილავს ცვლილებებს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი უქმდება და მის ნაცვლად ორი სამსახური ყალიბდება. განხილვას ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებიან, რომლებიც პროექტზე მსჯელობის გადავადებას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. იურიდიული კომიტეტის შემდეგ ხვალ დოკუმენტი პირველი მოსმენით უკვე პლენარულ სხდომაზე გადის. ახლა საინტერესოა, მოხდება თუ არა მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ ინიცირებული პროექტის კორექტირება იმ შენიშვნების და პრეტენზიების მოსმენის ფონზე, რაც ოპოზიციის, მესამე სექტორის და თავად თოლორაიას უწყების მხრიდან გამოითქვა. დამოუკიდებელ ინსტიტუტზე შეტევა – ასე ფასდება ოპონენტების მხრიდან მმართველი გუნდის გადაწყვეტილება. ყველაზე მეტი პრეტენზია იმ პუნქტს უკავშირდება, რომელიც პირველი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის თანამშრომლებისთვის ხელშეკრულებების შეწყვეტას გულისხმობს.