კანონპროექტი პარტიების დაფინანსების წესის შესახებ

კანონპროექტი, რომელმაც პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია, ვენეციის კომისიასა და ოდირს ეგზავნება. სწორედ მათი შეფასებების შემდეგ დაიწყება „ქართული ოცნების“ იმ ინიციატივების მეორე მოსმენით განხილვა, რომლებიც პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ეხება. მანამდე კი, დაფინანსების შესახებ კორექტირებული პროექტი პირველი მოსმენით მიღებულია. პირველად ვარიანტში შესული ცვლილებებით, მანდატებზე უარის შემთხვევაში, პარტიებს დაფინანსება ერთი წლის ნაცვლად ექვსი თვით შეუჩერდებათ და ეს მხოლოდ ივნისის შემდეგ მოხდება. ოპონენტებისთვის მიცემული დრო ფიქრისთვის, თუ სადამსჯელო აქტი: მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების რადიკალურად გასხვავებული შეფასებების ფონზე, ხელისუფლების მიერ ინიცირებულ ერთ-ერთ პროექტს იწუნებს ევროპის სახალხო პარტია.

მეორე მოსმენამდე კანონპროექტის  ვენეციის კომისიისა და ოდირისთვის გაგზავნა ოპოზიციამ მმართველი გუნდის მხრიდან პოზიციების დათმობად უკვე შეაფასა. ხელისუფლების ოპონენტები  ინიციატივას ისევ  მუქარად აფასებენ და არ გამორიცხავენ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ. საპარლამენტო უმრავლესობაში  კი პირდაპირ ამბობენ,  რომ საკანონმდებლო პაკეტის მიზანია, საპარლამენტო საბოტაჟს დაუპირისპირდნენ და ქვეყანაში  პროცესები სამომავლოდ სწორი მიმართულებით  წარიმართოს. „ქართული  ოცნების“ მხრიდან დღეს  გამოითქვა მზაობაც  კანონპროექტთან დაკავშირებთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან დისკუსია გაიმართოს.