კანონპროექტი „გენდერული თანასწორობის შესახებ“

პარლამენტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ცვლილებების მიხედვით, ქართული კანონმდებლობიდან ტერმინების „გენდერი“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღება იგეგმება.

პროექტით, კანონებში არსებული ჩანაწერი „გენდერული საკითხები“ შეიცვლება ჩანაწერით – „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხები“, ტერმინი „გენდერის ნიშნის შეუწყნარებლობა“ კი იცვლება „ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი შეუწყნარებლობით“. ტერმინის შეცვლის პარალელურად, იგეგმება გენდერული საბჭოების გაუქმება. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორი პარლამენტის 19 დეპუტატია.

ინიციატორთა მოსაზრებით, კანონპროექტი არ ახდენს გავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე, რადგან „გენდერული თანასწორობის შესახებ“ არსებულ კანონშიც, გენდერული თანასწორობა განმარტებულია როგორც ქალისა და მამაკაცის თანასწორობა.