კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ

ევროკომისიის მეხუთე რეკომენდაცია მთავარ სადავო პუნქტად რჩება.

ხვალ დეოლიგარქიზაციის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით კენჭისყრაზე გადის. თუ ოპოზიციის პოზიციას გავითვალისწინებთ, განხილვა დიდი ალბათობით ხმაურიანი იქნება. უკრაინული კანონმდებლობის ქართული ანალოგი ხელისუფლების ოპონენტებისთვის მიუღებელია. ნაწილი კანონს საერთოდ საჭიროდ არ მიიჩნევს, სამუშაო ჯგუფებს გამიჯნული სამი ოპოზიციური პარტია კი პროექტში ყოფილი პრემიერის სახით კონკრეტული გვარის ჩაწერას ითხოვს. მმართველი გუნდი კი პროექტის მოწინააღმდეგეებს კონკრეტული არგუმენტების წარდგენას სთხოვს და უკრაინული ვერსიის ქართულად თარგმნას იმ არგუმენტით იმყარებს, რომ ევროკომისიამ უკრაინის მიერ დამტკიცებულ კანონს დადებითი შეფასება მისცა. ოპოზიციიდან ყველაზე მწვავედ კანონპროექტს ბოლო პერიოდში რადიკალური განცხადებებით გამორჩეული „სტრატეგია აღმაშენებელი“ აკრიტიკებს. ვაშაძის პარტია მრავალათასიანი საპროტესტო აქციით იმუქრება.