დეოლიგარქიზაციის კორექტირებული კანონპროექტი ისევ ვენეციის კომისიას გადაეგზავნა. პარლამენტი ამჯერად შეფასებას მანამდე გამოგზავნილი რეკომენდაციების გათვალისწინების შესახებ ელოდება. პარლამენტის თავმჯდომარემ, პროექტთან ერთად კომისიის პრეზიდენტს წერილიც გაუგზავნა, რომლითაც მას დასკვნის დაჩქარებულად მომზადებას სთხოვს. კანონპროექტში იურიდიულმა კომიტეტმა რამდენიმე შესწორება შეიტანა. ჩაიწერა, რომ პირისთვის ოლიგარქის სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილია ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც ასევე 12-პუნქტიანი გეგმის გათვალისწინებით შეიქმნა.
კომიტეტში განმარტავენ, რომ კომისიის ძირითადი რეკომენდაციები გათვალისწინებულია. დეოლიგარქიზაციის პროექტი პლენარულ სხდომაზე ვენეციის კომისიისგან ახალი რეკომენდაციების მიღების შემდეგ გავა. კანონმდებლობაზე მუშაობა პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. საფუძვლად უკრაინული კანონია აღებული, რომელსაც ევროკომისიისგან დადებითი შეფასება უკვე აქვს.