რამდენ პატიმარს შეეხება ამნისტია – სია, შესაძლოა, გაფართოვდეს ან შემცირდეს მას შემდეგ, რაც პარლამენტში კანონპროექტის მეორე მოსმენით დამტკიცებამდე, არაერთ ინიციატივაზე გაიმართება მსჯელობა. მაგალითად, სახალხო დამცველს აქვს რეკომენდაცია, რომ ამნისტიის აქტის განხილვის პროცესში მსჯელობა გაიმართოს უვადო თავისუფლებააღკვეთილ პატიმრებთან დაკავშირებით, რომელთაც მოხდილი აქვთ სასჯელის გონივრული ვადა, ასევე განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ოჯახური ძალადობისთვის გასამართლებული პირების გათავისუფლებისას.
მოთხოვნები აქვს ოპოზიციასაც, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგო. პოლიტიკური დაპირისპირების პარალელურად, მმართველი გუნდი არ გამორიცხავს, რომ კანონპროექტში ცვლილებები შევიდეს. მსჯელობისთვის თვეზე მეტია დარჩენილი. მეორე და მესამე მოსმენით კანონს სექტემბერში დაამტკიცებენ.