კანონპროექტი ამერიკის კონგრესში და გამოხმაურება

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტმა 2021 წლის საგარეო ოპერაციების კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ის საქართველოსთვის 132 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. კანონპროექტში საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად შეერთებული შტატების კრიტიკული მნიშვნელობის მოკავშირედაა მოხსენიებული, რომელიც რუსეთის აგრესიის წინა ხაზზე იმყოფება. პროექტი დაფინანსების ნაწილის შესაძლო შეჩერებასაც ეხება. დოკუმენტში წერია, რომ დახმარების 15 %-ის გამოყოფის ვალდებულება შეიძლება შეჩერდეს, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი არ განსაზღვრავს და არ წარუდგენს ასიგნებათა კომიტეტს ანგარიშს, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ეფექტიან ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, მთავრობაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის. დოკუმენტში ასევე დაფიქსირებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.