„კანონი და სამართალი“ აუდიტის სამსახურს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს

ორგანიზაცია „კანონი და სამართალი“ აუდიტის სამსახურს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობისა და ბიუჯეტის ხარჯვის შესწავლისკენ მოუწოდებს. დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიამ მაუწყებელი ხელისუფლების ინტერესების გატარებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. მათი განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი უხეშად არღვევს კანონს მაუწყებლობის შესახებ, ნაცვლად იმისა, რომ პოპულარიზაცია გაუწიოს ნატო-სა და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციის საკითხს. ამ არგუმენტის გასამყარებლად დასახელდა 2016 წელს პირველი არხის ეთერში გასული პოლიტიკური კლიპი, რომელიც ეთერიდან მალევე მოიხსნა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კლიპთან დაკავშირებით, 2016 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღო გადაწყვეტილება და განცხადება გაავრცელა,  რომ   პოლიტიკური პარტია „ცენტრისტების“ საარჩევნო რეკლამას ეთერში აღარ გაუშვებდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში ხაზგასმული იყო ის მიზეზი, რის გამოც აღნიშნული რგოლი ეთერში არ გავიდოდა. მაუწყებელი ხედავს საფრთხეს, რომ აღნიშნული პოლიტიკური რეკლამის შინაარსი შეიცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებსა და შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას. ამ საკითხთან დაკავშირებით, მაშინ მაუწყებელმა,  საკითხის შესწავლის მიზნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასაც მიმართა.