კანონების გაუქმების მოთხოვნა ბრიუსელიდან

პოლიტიკური მღელვარება სულ უფრო იზრდება ბრიუსელის რვა მოთხოვნის გარშემო. ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებით მძაფრი რეაქცია იმ პუნქტებმა გამოიწვია, რომლებიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას ეხება. ორივე კანონს თავის დროზე შიდა პოლიტიკურ წრეებშიც საკმაოდ მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მმართველი გუნდი რეკომენდაციას შანტაჟად და ულტიმატუმად აცხადებს და ბოლო სამი წლის მოვლენების გათვალისწინებით ფიქრობს, რომ ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციას ხელისუფლებაზე ზეწოლის მორიგ ბერკეტად იყენებს. მითითებული კანონების გადახედვაც კი მმართველი გუნდის დღის წესრიგში არ დგას. ევროკომისიიდან გამოგზავნილ წერილს ბოლო თვეებში მიღებული გადაწყვეტილებების და პროცესების ფონზე ლოგიკურად მიიჩნევს ოპოზიცია, რომელიც ბრიუსელის მოწოდებების არ გათვალისწინების შემთხვევაში 2017 წლის ისტორიული გადაწყვეტილების გადახედვას პროგნოზირებს.

აქვს თუ არა უვიზო რეჟიმის პირობების დაკმაყოფილებასთან კავშირი იმ კანონებს, რომელთა გაუქმება ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა – არაერთგვაროვანი პოზიციები მანანა დევაძემ მოისმინა.