კანდიდატის სტატუსი და პრეზიდენტის პოლიტიკური გეგმები

სახელისუფლებო შტოებს შორის დაძაბულობა მწვავდება. უცხოეთში მთავრობასთან შეუთანხმებელი ვიზიტების შემდეგ მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირების ახალი ფაზის მიზეზი ამჯერად სალომე ზურაბიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუა.

ოფიციალურ გამოსვლებსა თუ განცხადებებში ღია კრიტიკის შემდეგ, სახელმწიფოს მეთაური ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მთავრობის მისწრაფებას ახლა უკვე „სიბიესთან“ ინტერვიუში აყენებს ეჭვქვეშ. კანდიდატის სტატუსზე ისტორიული გადაწყვეტილების მოახლოების ფონზე „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის გზავნილებს ოპოზიციის ნაწილის განცხადებებთან აიგივებს და მათ ანტისახელმწიფოებრივად მიიჩნევს. განსაკუთრებით ბოლოდროინდელი მინიშნებები და აქტივობები, მათ შორის ოპოზიციის ქალ წარმომადგენლებთან შეხვედრები, აღმასრულებელ ხელისუფლებას და მმართველ პარტიას უმყარებს ეჭვს, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში დარჩენის გზებს ეძებს.

აპირებს თუ არა პრეზიდენტი პოლიტიკური ძალის ფორმირებას და რა სამოქმედო ტაქტიკას მიმართავს პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხის ჩავარდნის შემდეგ – დაანონსების მიხედით, სალომე ზურაბიშვილს ამ თემაზე წინა კვირის ბოლოს უნდა ესაუბრა, თუმცა პრეზიდენტი ჯერ დუმს.