კანადამ უკრაინას „ლეოპარდ 2“ გაუგზავნა

კანადამ უკრაინას Leopard-2-ის პირველი ტანკი უკვე გაუგზავნა. ამის შესახებ „ტვიტერში“ კანადის თავდაცვის მინისტრი წერს. მისი განცხადებით, კანადის მთავრობის მხრიდან უკრაინისთვის დაპირებული ოთხი ტანკიდან პირველი ჰალიფაქსის აეროპორტიდან უკვე გაემგზავრა. „კანადა უკრაინის ხალხის გვერდით დგას და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის შეიარაღებული ძალების მომარაგებას გამარჯვებისთვის საჭირო ტექნიკით“,- წერს კანადის თავდაცვის მინისტრი. კანადამ უკრაინას გერმანული წარმოების Leopard-2-ის ტიპის ტანკი მას შემდეგ გაუგზავნა, რაც იანვრის ბოლოს, გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის აღნიშნული ტანკების გაგზავნაზე თანხმობა განაცხადა და ნება დართო მესამე ქვეყნებსაც, მიეწოდებინათ ისინი კიევისთვის.