კამპანია საქართველოს პირველი არხის წინააღმდეგ

პირველი არხის გარშემო ბოლო ორი თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესებს და 29 იანვარს დაგეგმილ საპროტესტო აქციას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ეხმაურება.

ბორდის თავმჯდომარის და შვიდი წევრის ხელმოწერით ვრცელდება განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მოქალაქეთა ნაწილი ტელევიზიაზე დიქტატის დამყარებას და იმ აზრის დამკვიდრებას ცდილობს, რომ ახალი არჩევნების დასანიშნად საჭიროა საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონტროლის მოპოვება. განცხადებაში საუბარია თანამშრომლების მიმართ ბულინგის და მუქარის კამპანიაზე და წერია, რომ მენეჯმენტის შეცვლის მოწოდებები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს სცდება და მედიაზე ზეწოლის უხეშ ფორმას იძენს. სამეურვეო საბჭო ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა კონსტიტუციით არის გარანტირებული და მის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა დაუშვებელია. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მაუწყებელი ვალდებულია, მაყურებელს საზოგადოებაში არსებული მსოფლმხედველობრივი მრავალფეროვნება და ერთმანეთისგან გასხვავებული მოსაზრებები გააცნოს.