კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

თბილისის ქალთა საბჭო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან კამპანიას უერთდება. „ქართული ოცნების“ თბილისის ქალთა ორგანიზაციის წევრები ძალადობის მსხვერპლი ქალების თავშესაფარს ესტუმრნენ და მათ საჩუქრები გადასცეს.

საბჭოს წევრებმა კრიზისულ ცენტრში არსებული გარემო დაათვალიერეს და სახელმწიფოს მიერ მათთვის შეთავაზებულ სერვისებს გაეცნენ. თავშესაფარში, რომელიც დღისა და ღამის ცენტრებს მოიცავს, ყველა პირობაა შექმნილი, რომ დაზარალებულმა ქალებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. ამჟამად საქართველოს მასშტაბით ხუთი კრიზისული ცენტრი ფუნქციონირებს.