კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ - ინტერვიუ მიხეილ სარჯველაძესთან
186 მოკლული ქალი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში – პროკურატურის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 2014-2022 წლებში, ოჯახური ნიშნით 92, ხოლო სხვა მოტივით 94 ქალი მოკლეს. უწყება იტყობინება, რომ პოლიტიკა გაამკაცრეს, რასაც სისხლის სამართლებრივი დევნის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდაც მოჰყვა. ბოლო რვა თვის სტატისტიკით, ამ ციფრმა 4 591 შეადგინა. თუმცა ამის მიუხედავად, სიტუაცია საგანგაშოა, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, ფემიციდის შემთხვევებიც მოწმობს. მაგალითისთვის, გუშინ თერჯოლაში მომხდარი საზარელი დანაშაულიც საკმარისია – მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და კანონის გამკაცრება მოითხოვეს გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებმაც დედაქალაქის მთავარ გამზირზე საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ამასთან, არსებული კანონის სრულყოფასა და ევროპულ სტანდარტებთან გათანაბრების აუცილებლობაზე ისაუბრეს პარლამენტში ქალმა დეპუტატებმაც საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
სწორედ ევროპის საბჭოს კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა თემატური მოკვლევის ჯგუფი შექმნა.
რა საკითხებზე იმსჯელებენ და როგორ შეუწყობს ხელს კანონმდებლობის სრულყოფას ჯგუფის მუშაობა – ამ თემაზე ახლა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ვისაუბრებთ. „მოამბის“ კითხვებს მიხეილ სარჯველაძე უპასუხებს.