კამპანია „მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის“

„მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის“ – ამ სახელწოდებით, დღეიდან კამპანიას იწყებს სამი ოპოზიციური პარტია – ,,გირჩი – მეტი თავისუფლება”, „დროა“  და „სტრატეგია აღმაშენებელი“ – აღნიშნულთან დაკავშირებით, პარტიის ლიდერებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მათი თქმით, „24 თებერვლის აქციის საინიციატივო ჯგუფის“ მორიგი ნაბიჯია, ხელმოწერების შეგროვება. ისინი განმარტავენ, რომ უახლოეს დღეებში ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ. საზოგადოებას კი მოუწოდებენ, ჩაერთონ აღნიშნულ ინიციატივაში. გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ ქმედებებს ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს და ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ნაბიჯებს ხელმოწერებით უპასუხებენ, რაც შემდეგ, ბრიუსელსა და ვაშინგტონში გაიგზავნება.