ეკონომიკური დივერსია და დისკრედიტაციული კამპანია – მმართველი გუნდი გარედან მართულ და ოპოზიციის ნაწილის მორიგ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად აცხადებს 6,5-მილიარდიანი არაბული ინვესტიციის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას, რომელმაც ამჯერად ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა. საუბარია „ტიკ-ტოკში“ გავრცელებულ ვიდეო რგოლებზე. პლატფორმის ანგარიშებით დამონტაჟებული და სავარაუდოდ ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეოები ვრცელდება, რომელშიც პოტენციურ კლიენტებს „იგლ ჰილსის“ პროექტში უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში, არარეალურ სარგებელს სთავაზობენ. შეთანხმებაში არ არსებული დაპირებებისა და დეზინფორმაციის გავრცელების გამო, მმართველი გუნდი ოპონენტთა ნაწილს, პროექტის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობაში ადანაშაულებს. იმის გათვალისწინებით, რომ ვიდეო რგოლები „ალტ-ინფოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა გვერდებზეა გაზიარებული, „ქართული ოცნება“ ამ პარტიების შეთანხმებულ ქმედებებზე მიუთითებს. ბრალდებებს არ იღებენ ადრესატები. „ალტ-ინფოში“ გავრცელებული ვიდეო მასალის ნამდვილობას ამტკიცებენ, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ისევ არაბულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას მოითხოვს.