კამათი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს.

საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხს განიხილავენ. ხმაური სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, მზია თოდუას ინიციატივას მოჰყვა, რომელმაც საბჭოს მიმართა თხოვნით, რომ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლეს, პაატა სილაგაძეს გაუხანგრძლივდეს უფლებამოსილების ვადა, რომელიც რამდენიმე კვირაში ეწურება.

აღნიშნულ საკითხს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა სხდომაზე. არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, საკითხის განხილვისას იკითხა, თუ რამდენად რელევანტურია საბჭო აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას. მისივე თქმით, უმჯობესია საბჭომ პარლამენტს მიმართოს შუამდგომლობით და საკანონმდებლო ორგანომ გაუხანგრძლივოს მოსამართლეს ვადა.

კრიტიკული მოსაზრება აქვს საკითხთან დაკავშირებით საბჭოს კიდევ ერთ წევრს, ანა დოლიძეს. მისი თქმით, უზენაეს სასამართლოში, სისხლის სამართლის პალატაში შექმნილია კრიზი, რაშიც საკანონმდებლო ორგანოს ადანაშაულებს. მიუხედავად კამათისა, სისხლის სამართლის პალატის მოსამართლის, პაატა სილაგაძის უფლებამოსილების გაგრძელებას მხარი დაუჭირეს.