კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებამდე 74 დღით ადრე, „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ კანდიდატთა რეიტინგი თითქმის თანაბარია. დღეს „დემოკრატიული პარტიის“ ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით უნდა წარდგეს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი, რომელიც საარჩევნო რბოლაში გვიან ჩაერთო. როგორც ამერიკული მედია წერს, კამალა ჰარისისთვის ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოცდა, რა დროსაც მან მოქალაქეები საკუთარ უპირატესობაში უნდა დაარწმუნოს.

კვლევები აჩვენებს, რომ „დემოკრატების“ კანდიდატს ამ ეტაპზე რამდენიმე მერყევ შტატში მცირე უპირატესობა აქვს. თავის მხრივ, დონალდ ტრამპი ცდილობს, კონკურენტის სუსტი წერტილები მოძებნოს და აქცენტი სწორედ ამ თემებზე გააკეთოს. სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, ამერიკელი ამომრჩევლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს შორის ეკონომიკა და უკანონო მიგრაციაა.