კალასის პოლიტიკური გეოგრაფია – თბილისის პასუხი
ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის განახლებას არ განიხილავს. კაია კალასის გზავნილმა მმართველ გუნდში მძიმე რეაქციები გამოიწვია.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოზიცია გაერთიანების წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე დაფიქსირდა, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროკავშირის მიდგომა იყო. საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის არქონა კალასმა სირთულედ დაასახელა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელს ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერა არ სურს.
განცხადება დროში ემთხვევა „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან ბოლო პერიოდში გახშირებულ გზავნილებს ბრიუსელთან დიალოგის დაწყების შეთავაზების შესახებ. გლობალური არასტაბილურობის, ახალი სავაჭრო გზების ძიების და შუა დერეფნის მარშრუტის მიმართ მზარდი საერთაშორისო ინტერესის ფონზე თბილისიდან ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ახსენებენ, რომ სწორედ საქართველო უზრუნველყოფს ზღვაზე გასასვლელის არმქონე რამდენიმე ქვეყნის შავ ზღვასთან კავშირს. მიდგომა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიის საქართველოს ხელისუფლების გარეშე განხილვას გულისხმობს, უცვლელი რჩება. ამიტომ ჩნდება კითხვა, რა პერსპექტივა აქვს მზარდი საერთაშორისო ზეწოლის და მკაცრი რიტორიკის ფონზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის აღდგენას და როგორ ესახება ევროკავშირს შავი ზღვის სტრატეგია საქართველოს გარეშე.