კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქებას საერთაშორისო გამოხმაურება მოყვა. გერმანიის კანცლერი აფეთქებას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ახალ განზომილებას უწოდებს. ოლაფ შოლცის თქმით, ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება „შეესაბამება იმ გზას, რომლითაც პუტინი აწარმოებს ამ ომს“. გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ რუსეთი ყოველთვის უტევს სამოქალაქო ობიექტებს – ქალაქებს, სოფლებს, საავადმყოფოებს, სკოლებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას როგორც ფინანსურად, ისე იარაღის მიწოდებით“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მომხდარს „ტვიტერზე“ აფასებს. „შოკირებული ვარ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე უპრეცედენტო თავდასხმით. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება აშკარად კვალიფიცირდება როგორც ომის დანაშაული და ჩვენ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ რუსეთსა და მის მარიონეტებს“, – წერს შარლ მიშელი საკუთარ „ტვიტერზე“. კაშხლის აფეთქებას, ნატო-ს გენერალური მდივანიც გამოეხმაურა.
„კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება დღეს ათასობით მშვიდობიან მოსახლეს საფრთხის წინაშე აყენებს და გარემოს სერიოზულ ზიანს აყენებს. ეს არის აღმაშფოთებელი ქმედება, რომელიც კიდევ ერთხელ ასახავს რუსეთის ომის სისასტიკეს უკრაინაში“, – ამბობს იენს სტოლტენბერგი.