კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

ადამიანი, რომელმაც ქართულ თეატრსა და კინოში ეპოქა შექმნა – თეატრალურ სცენაზე და კინო ეკრანზე განსახიერებული 200-მდე პერსონაჟი და ათეულობით ჯილდო და პრემია – კახი კავსაძე გარდაიცვალა. გამოირჩეოდა მკვეთრი ინდივიდუალიზმით, მაღალი პროფესიონალიზმით, ნიჭიერებით და თავმდაბლობით. თვეების წინ ჩაწერილ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ამბობდა, რომ ყველაზე მეტად სცენაზე ყოფნა ენატრებოდა. როდესაც თეატრის და კინოს ერთმანეთთან შედარებას სთხოვდნენ, ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ფილმებში კარგად თამაშისთვის აუცილებლად უნდა ყოფილიყო თეატრში. ასაკის მიუხედავად, ბოლო წლებშიც აქტიური შემოქმედებითი საქმიანობით იყო დაკავებული. საერთაშორისო დონეზე აღიარებული ქართველი სახალხო არტისტი უხერხულად გრძნობდა თავს, როდესაც 1989 წლის 9 აპრილის ღამის სარისკო გადაწყვეტილებას ახსენებდნენ. საბჭოთა ჯარის მიერ მშვიდობიანი აქციის სასტიკი დარბევის დროს ათეულობით მოქალაქე კახი კავსაძემ რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე დამალა და სიკვდილს გადაარჩინა.

დატოვე კომენტარი