კახი კალაძე - „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი

დედაქალაქის მერობის კანდიდატის წარდგენით „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის კამპანია ოფიციალურად დაიწყო. თბილისის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტის დაკავებას, მმართველი პარტიის სახელით, ისევ კახა კალაძე შეეცდება.

კახა კალაძის თბილისის მერობის კანდიდატად კიდევ ერთხელ წარდგენას ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმიანებიან. მათი ნაწილი კალაძის მეორე ვადით დასახელებას არასწორ ნაბიჯად აფასებს და აცხადებს, რომ მას არ შეუსრულებია დაპირებები, რომელიც მოსახლეობას მისცა, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის კანდიდატი მას კონკურენციას ვერ გაუწევს და კალაძე გაიმარჯვებს.

მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ კახა კალაძე ყველა დროის საუკეთესო მერი და გამორჩეული ლიდერია და სწორედ ამ კრიტერიუმებით გადაწყდა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენელი ისევ კახა კალაძე უნდა ყოფილიყო. სახელისუფლებო გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ თვითმმართველობის არჩევნების პირველივე ტურში, მათი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს.