კახეთში სეტყვით მიყენებულ ზარალს ითვლიან

დასეტყვილი ვენახები, ქერისა და ხორბლის ყანები, საკარმიდამო ნაკვეთები და გადახდილი სახურავები – კახეთში სტიქიის შედეგებს ითვლიან. სეტყვამ და ქარმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები მნიშვნელოვნად დააზარალა. ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქია დაახლოებით 10-15 წუთი გაგრძელდა და შედეგად ვენახები, ერთწლიანი კულტურები და ხეხილის ბაღები თითქმის 80-100 პროცენტით გაანადგურა. ძლიერი ქარის გამო კი, ზემო ალვანში დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი. დაზარალებული მოსახლეობა ამბობს, რომ განადგურებული ვენახებიდან წელს მოსავალს ვერ მიიღებენ. მუნიციპალიტეტში უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც დაზიანების მასშტაბს სწავლობს და პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობს. მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე დახმარება იმ ოჯახებს გაეწევათ, რომლებსაც სტიქიამ სახლები დაუზიანა.