კახეთში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

კახეთში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია მეორე თავდამსხმელიც და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსი ბესო შუბითიძე გუშინ დაჭრეს. სხეულზე მიყენებული ჭრილობებით ის გურჯაანში „ჯეო ჰოსპიტალშია” მოთავსებული. ბესო შუბითიძე ჰყვება, რომ შემთხვევა მდინარე ალაზანზე მოხდა, სადაც ის ბრაკონიერების გამოსავლენად, მორიგ შემოვლას თანამშრომლებთან ერთად ახორციელებდა. მან ორი ნიღბიანი პირი დაინახა, რომელთაგან ერთ-ერთმა მისი მისამართით გასროლა განახორციელა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსი გვიან ღამით გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა მოინახულა. მისი თქმით, დაჭრილის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. საქმეზე გამოძიება 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან თერთმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.