კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს

გზა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელობიდან პარლამენტის თავმჯდომარეობამდე.

ოპოზიციის წარმომადგენლობის გაზრდის გარდა პარლამენტში პოლიტიკური რეალობა სხვა გარემოებამაც შეცვალა. საკანონმდებლო ორგანომ 86 ხმით ახალი სპიკერი, კახა კუჭავა აირჩია. პარლამენტის ახალი თავმჯდომარე ერთ-ერთ მთავარ ამოცანად შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტების შესრულებას მიიჩნევს და პროცესში ბალანსის დაცვის პირობას დებს. თალაკვაძემ კი, რომელიც ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში „ქართული ოცნებიდან“ მთავარი მომლაპარაკებელი იყო, წელიწადნახევრიანი თავმჯდომარეობის შემდეგ დღეიდან ვიცე-სპიკერის პოზიციაზე გადაინაცვლა.

პარლამენტში დღეს შესულ ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. კუჭავას წინააღმდეგ ტაბლოზე ექვსი ხმა დაფიქსირდა – ექვსივე მათგანი გიორგი გახარიას გუნდის წევრი და მმართველი პარტიიდან ორი კვირის წინ წასული დეპუტატია.