კახა კალაძის თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენა შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვა არჩევანი არ ჰქონია და კალაძე მესამე ვადით სწორედ ამიტომ დასახელდა. ოპოზიციის წარმომადგენლები მოქმედ მერს კორუმპირებულს უწოდებენ და ქალაქში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებზე პასუხისმგებლობას სწორედ მას აკისრებენ. „ქართულ ოცნებაში“ კი კალაძის კანდიდატურას უალტერნატივოდ მიიჩნევენ და მის მიერ განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე საუბრობენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გამოწვევები არსებობს, თუმცა, მათ მოგვარებას, სწორედ კახა კალაძე შეძლებს.