კახა კალაძემ ახალი გამგებლები წარადგინა

კახა კალაძემ თბილისის ათივე რაიონის გამგებლობის კანდიდატები წარადგინა. მათგან ექვსი აქამდე მოქმედი გამგებელია, ხოლო ოთხი ამ პოზიციას პირველად დაიკავებს. კახა კალაძის განცხადებით, საბურთალოს რაიონის გამგებლობის კანდიდატი გაიოზ ვასაძე იქნება, მთაწმინდის რაიონის – დავით კირკიტაძე, კრწანისის – ბექა მიქაუტაძე, ვაკის – დავით კვინიკაძე, გლდანის – ლევან ნაროუშვილი, ხოლო სამგორის – კახა სამხარაძე. ჩუღურეთის რაიონის გამგებლის პოზიციაზე დედაქალაქის მერმა საკრებულოს დავით უთმელიძის კანდიდატურა შესთავაზა, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო. ასევე, საკრებულოს ყოფილი წევრია ვლადიმერ ძნელაძე, რომელიც კახა კალაძემ დიდუბის რაიონის გამგებლობის კანდიდატად წარადგინა.

რაც შეეხება ისნისა და ნაძალადევის რაიონებს, აქ დედაქალაქის მერმა არჩევანი გამგეობებში აქამდე დასაქმებულ კადრებზე გააკეთა. ისანში მან ნიკოლოზ ელისაშვილი წარადგინა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში, გამგეობაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა, ხოლო ნაძალადევის გამგებლად საკრებულოს ირაკლი ანდღულაძე შესთავაზა, რომელიც აქამდე გამგებლის მოადგილე იყო. თბილისის მთავრობა საკრებულომ ხვალ უნდა დაამტკიცოს.

დატოვე კომენტარი