კახა კალაძე - „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი

კახა კალაძე თბილისის მერობისთვის უკვე მეორედ იბრძოლებს.

მმართველმა გუნდმა ერთი საათის წინ დედაქალაქის მერობის კანდიდატი ოფიციალურად წარადგინა. „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას იწყებს. პრეზენტაციას მმართველი პარტიის სამთავრობო და საპარლამენტო გუნდი სრული შემადგენლობით ესწრებოდა. სახელისუფლებო პარტიაში დღეს ამბობენ, რომ თბილისის მთავრობის მეთაურის პოსტზე კალაძეს გუნდში ალტერნატივა არ ჰყოლია. პრეზენტაცია მთაწმინდის პარკში გაიმართა – იქ, სადაც კახა კალაძე გუნდმა კანდიდატად პირველად 2017 წელს დაასახელა. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, საუკეთესო მერი, წარმატებული ყველა საქმეში, სამაგალითო მეურნე – ასე წარადგინა გუნდმა საკუთარი კანდიდატი. გამოსვლა კახა კალაძემ 5 ივლისის მოვლენების შეფასებით და მედიისადმი მიმართვით დაიწყო.