კახა იმნაძის განცხადება

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის გათავისუფლება გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დებატებზე სიტყვით გამოსვლისას, გაერო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა მოითხოვა. კახა იმნაძემ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, საკითხზე მტკიცე და პრინციპული პოზიცია დაიკავოს.

იმნაძემ, დებატებზე გამოსვლისას, ე.წ. ბორდერიზაციის ახალ ტალღასა და ცხინვალის რეგიონის ახალგორის რაიონში გადასასვლელი პუნქტების დახურვაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, 70 წლის მარგო მარტიაშვილი, რომელიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა, გარდაიცვალა, რადგან საოკუპაციო რეჟიმმა მას გადასასვლელი პუნქტის გადაკვეთის და საავადმყოფოში მისვლის შესაძლებლობა არ მისცა.

გაერო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია და აგრძელებს შერიგებისა და ჩართვის პოლიტიკას აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში. ამ კუთხით მან ისაუბრა საქართველოს მთავრობის 2018 წლის ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

 

დატოვე კომენტარი