კაია კალასის განცხადება – შეფასებები თბილისში
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ გზავნილებს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა თბილისში. მმართველი გუნდი კალასის განცხადებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საქართველო სახელმწიფოზე ორიენტირებულ პოლიტიკას გააგრძელებს. კაია კალასმა კითხვაზე საპასუხოდ, – თუ როგორ ესახება „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში, განაცხადა, რომ „ევროკავშირს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა არ სურს და მისი მიზანი ქართველი ხალხის მხარდაჭერაა“. კალასის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით,„ევროკავშირს გარკვეული სირთულეები აქვს, რადგან ამჟამად მთავრობასთან ურთიერთობა პრაქტიკულად არ არსებობს. ამიტომ, ევროკავშირში მსჯელობენ, როგორ დაუჭირონ მხარი ქართველ ხალხს ისე, რომ მათ ევროპული პერსპექტივის იმედი არ დაკარგონ“.