ევროკავშირს შავ ზღვაში პოტენციური უსაფრთხოების მონიტორინგისთვის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად, საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის შექმნა სურს. ამის შესახებ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც შავი ზღვის სტრატეგიაზე ისაუბრა. როგორც კალასმა აღნიშნა, შავი ზღვის რეგიონი არის სტრატეგიული მნიშვნელობის ევროკავშირისთვის, რადგან ის აკავშირებს ევროპასა და ცენტრალურ აზიას. მისი თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის. ევროპელი დიპლომატის თქმით, ევროკავშირი მოწოდებულია შავი ზღვის რეგიონის პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის.
მან თქვა, რომ ამ სტრატეგიის შედეგად, სარგებლის მიღება შავი ზღვის ყველა ქვეყანას შეუძლია. ამასთან, კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გაიმართება დისკუსია იმის შესახებ, თუ სად განლაგდება ეს ჰაბი.