თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, ასევე, ამავე საქმის ფარგლებში დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს საქმის არსებითი განხილვა იწყება. სხდომაზე დღეს მხარეები შესავალ სიტყვებს იტყვიან. სახელმწიფო ბრალდება ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ვლადიმერ ღუდუშაურს, მას 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.