ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი იმართება

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის განხილვა მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში. მსჯელობენ ასევე მისი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის ბრალდებაზეც. პროცესზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობას განიხილავენ. ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატები ითხოვენ დასაკითხ პირთა სიას დაემატოს ერთ-ერთი კომპანიის ბუღალტერიც , საუბარია კომპანიაზე, რომელსაც ადვოკატების თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძე თანამდებობის დაკავებამდე ფლობდა. მათი თქმით, ბუღალტრის ჩვენებით დადასტურდება, რომ ბურჭულაძისთვის წაყენებული ბრალი უსაფუძვლოა. დღესვე გაირკვევა გადაეცემა თუ არა საქმე არსებით განსახილველად სასამართლოს. სახელმწიფო ბრალდება ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს, მას 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.