თბილისის საქალაქო სასმართლოში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. დღეს ბრალდების მხარემ სამი მოწმე დაკითხა, რომელთა უმრავლესობა თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლები არიან. მათ მიმართ კითხვები დაისვა 2023 წლის ტენდერთან დაკავშირებით, რომლის დროსაც, თავდაცვის სამინისტროს გორის ჰოსპიტალისთვის სამედიცინო ტექნიკა უნდა შეეძინა. ერთ-ერთი პირველი მოწმე არაელექტრონული შესყიდვების სამმართველოს უფროსი, ირაკლი მგალობლიშვილი იყო. ასევე, სასამართლოს კითხვებს უპასუხა დღეს დავით ყორანაშვილმაც, რომელიც ასევე თავდაცვის სამინიტროს შესყიდვების დეპარტამენტს წარმოადგენს. მოწმის განცხადებით მისი უშუალო ხელმძღვანელი ვლადიმერ ღუდუშაური იყო, შესაბამისად მასთან ჰქონდა კომუნიკაცია, რომელიც ამბობდა, რომ ტენდერთან დაკავშირებით, ყველა საქმის კურსში იყო, თუმცა ვინ იგულისხმებოდა ყველაში, ამაზე მოწმე, ცალსახად ვერ საუბრობს და ამბობს, რომ სავარაუდოდ ეს იყო ხელმძღვანელობა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარის მიმართვის საფუძველზე, ესპანეთის სამეფომ, ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლის, ნინო მხეიძის სახელზე რეგისტრირებული ქონება დააყადაღა. აღნიშნულის მიზეზი, მიმდინარე საქმეა. ცნობილია, რომ დაყადაღებულია ბრალდებულთა ოჯახის სხვა წევრების ქონებებიც. დღევანდელ პროცესზე, ოთხივე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაც გადაისინჯა, რომელიც ძალაში უცვლელად დარჩა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.