ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი

12:06, 02.04.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად დაკავებული თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებული ჯუანშერ ბურჭულაძე მისცემს ჩვენებას. ასევე, დაგეგმილია, რომ სასამართლო პროცესზე დაიკითხოს ჯუანშერ ბურჭულაძის შვილი და აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი. ცნობილია, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა, გასულ კვირას მიმართა პროკურატურას, საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით. მსგავსი განაცხადი აქვს შეტანილი საგამოძიებო უწყებაში, გიორგი ხაინდრავასაც. ვლადიმერ ღუდუშაურის ადვოკატი კი გეგმავს, რომ უახლოეს დღეებში მიმართოს საგამოძიებო უწყებას. უკვე ცნობილია პროკურატურის პოზიციაც, პროკურორი აცხადებს, რომ საპროცესო შეთანხმებისთვის ორი მთავარი პირობაა შესასრულებელი, დანაშაულის აღიარება და ზიანის ანაზღაურება, აღნიშნული პირობები კი, მისი თქმით, ამ დრომდე შესრულებული არ არის. შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი