ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც დაცვის მხარე საკუთარი მტკიცებულებების კვლევას იწყებს და დღეს მოწმეების დაკითხვას გეგმავს. ადვოკატის, დიმიტრი ხაჩიძის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე მათ მიერ დაკითხული მოწმეები დაადასტურებენ ჯუანშერ ბურჭულაძის უდანაშაულობას. ადვოკატი არ აკონკრეტებს რა კითხვები ექნება მოწმეებთან, თუმცა ამბობს, რომ საუბარი ბრალდებულთა ქონებას შეეხება. დღეს დასაკითხ მოწმეთა შორის არიან, როგორც ოჯახის წევრები, ასევე შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი. რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, პროკურორი მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ გამოკითხული ათეულობით მოწმე, გამოკვლეული მტკიცებულებები და უდავოდ მიჩნეული ნივთიერი წერილობითი მტკიცებულებები, ადასტურებს, რომ ბრალად შერაცხილი ქმედება დასტურდება. პროკურორის განმარტებით, ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით რაიმე სიახლე არ არის და მხოლოდ გიორგი ხაინდრავას უფლებადამცველს აქვს მიმართული პროკურატურისთვის შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით. რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, ჯერჯერობით მათი პოზიცია ცნობილი არ არის. შეგახსენებთ, რომ პროკურატურა თავდაცვის ყოფილ მინისტრს უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.