ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი მოადგილე გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი იმართება, სადაც ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხა. ხუთი მოწმე საქმის გამომძიებელია, ასევე, სასამართლოს ჩვენება მისცეს ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის მძღოლებმა. პროკურორის თქმით, დღევანდელმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ დაკავებული პირები საკუთარ ქონებას სხვა პირებზე აფორმებდნენ, მათ შორის მძღოლებზე და ასევე, მათი დახმარებით ხდებოდა დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვა სხვადასხვა ანგარიშებზე. დაცვის მხარის შეფასებით კი, საქმეში მათ წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ დევს და მათ შორის დღევანდელი ჩვენებები, სადაც საუბარია ქონების სხვა პირებზე გადაფორმებაზე, ამ საქმესთან შემხებლობაში არ არის და დანაშაულებრივი ქმედებები არ იკვეთება. სახელმწიფო ბრალდება ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული 9-დან 12-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.