ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურის, ასევე ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე აუდიტორი, რომელმაც სასამართლოს ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი ოჯახისა და მასთან დაკავშირებული პირების შემოსავლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, დაიკითხა ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი – დავით ბურჭულაძე. დღევანდელ პროცესზე დაგეგმილი იყო თავად ბურჭულაძის დაკითხვა, თუმცა ყოფილმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს. დაცვის მხარემ დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებათა გამოკვლევა დაასრულა, რითაც საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზე გადადის. მომდევნო პროცესზე დასკვნით სიტყვას პროკურატურა წარმოთქვამს, ამავე უფლებით დაცვის მხარეც ისარგებლებს. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, ცნობილია, რომ საგამოძიებო უწყებას ჯუანშერ ბურჭულაძის, ვასილ მხეიძესისა და გიორგი ხაინდრავას ადვოკატებმა უკვე მიმართეს. უახლოეს დღეებში მიმართვას ასევე გეგმავს ვლადიმერ ღუდუშაურის ადვოკატი. პროკურორის თქმით, ამ დროისთვის რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რადგან საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად ორი მთავარი პირობაა – დანაშაულის აღიარება და ზიანის ანაზღაურება. მისივე თქმით, საპროცესო შეთანხმების გაფორმება პროკურატურის პრეროგატივაა. შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.