ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო

18:26, 13.03.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის მისი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც 2 მოწმე დაიკითხა, საქმის მთავარი გამომძიებელი ალეკო არაბული და რევიზორი გიორგი კვაჭაძე, რომელმაც საგადასახადო შემოწმება ჩაატარა. საქმის გამომძიებელმა დეტალურად ისაუბრა იმ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, რაც თავდაცვის სამინისტროს მიერ გაფორმდა. გამომძიებლის თქმით, თავდაცვის სამინისტრომ არათუ არაკონკურენტუნარიანი, არამედ მიკერძოებული გარემო შექმნა და იმაზე გაცილებით მეტი თანხა გადაიხადა შესყიდვებში, ვიდრე უნდა გადაეხადა. სახელმწიფო ბრალება ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს.

მსგავსი