ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, ასევე, ამავე საქმის ფარგლებში დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს. სხდომაზე განცხადება გააკეთა ბრალდებულმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. როგორც მან აღნიშნა, ის წარდგენილ ბრალში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და მისი თქმით, ქონებას რომლის შეძენასაც პროკურატურა ედავება, ორი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხით შეიძინა. სახელმწიფო ბრალდება ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს, მას 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.