ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად დაკავებული თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურის, ასევე ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი 23 აპრილისთვის გადაიდო. ბრალდებულები სწორედ ამ დროს იტყვიან საბოლოო სიტყვას. დღეს დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა დაასრულა, სადაც ბრალდებულების უდანაშაულობაზე ისაუბრა. ბრალდებას დასკვნითი სიტყვა უკვე ნათქვამი აქვს. დღეს პროკურორმა თქვა, რომ მტკიცებულებებით დასტურდება ბრალდებულების დანაშაული და ერთი პირის გარდა, სხვა ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება, მიუხედავად იმისა, რომ მათ პროკურატურისთვის აქვთ მიმართული, არ იგეგმება. თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლით ედავება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.