ჯუანშერ ბურჭულაძეს ახალი ბრალი წარუდგინეს
საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთანავე, მას ორი წლით პირობითი სასჯელი და ერთი მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. მასთან ერთად, საპროცესო შეთანხმება გააფორმა ვასილ მხეიძემაც, რომელსაც სასჯელის მოხდა საპატიმროში ერთი წლით და ორი თვით მოუწევს, პირობითი სასჯელი კი სამი წლით განისაზღვრა. მხეიძე ასევე 100 000 ლარით დაჯარიმდა. შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჯუანშერ ბურჭულაძის და ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმე ეხებოდა, კორუფციულ სქემას, რომლის მიხედვითაც, იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი, იმჟამინდელ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეუთანხმდა, რომ თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებისთვის შესყიდვებს განახორციელებდა იმგვარი ფორმით, რაც უზრუნველყოფდა ერთ-ერთ მეწარმესთან დაკავშირებული კომპანიების გარანტირებულად, სასურველი ფასით გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მიიღებდნენ სოლიდურ არამართლზომიერ ფინანსურ სარგებელს. შედეგად სახელმწიფოს, დიდი ოდენობით, 7 მილიონ ლარამდე ზიანი მიადგა. ჯუანშერ ბურჭულაძეს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, უკვე აქვს მისჯილი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. სააპელაციო სხდომა 28 სექტემბერს გაიმართება. სწორედ სააპელაციო სასამართლოში გაირკვევა, რა ვადაში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძე საპატიმროს, რადგან პროკურორის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებითაც, საპროცესოს გაფორმების მოთხოვნით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.