ჯოზეფ ბორელის განცხადება - შეფასებები

„ევროპულ გზაზე საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციაა!“ –  ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოში ვიზიტის შეჯამებაში წერს. ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს რეკომენდაციების შესრულებაზე. მისი პოზიციით, 12-დან სამი რეკომენდაცია შესრულებულია, მაგრამ დანარჩენ ცხრაზე საკმაოდ ბევრი სამუშაო რჩება შესასრულებელი. ეს ძირითადად ეხება პოლიტიკური ცხოვრების დეპოლარიზაციას, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების დეოლიგარქიზაციას, მართლმსაჯულების რეფორმას, საარჩევნო რეფორმას, მედიის პლურალიზმსა და ადამიანის უფლებებს.

„საქართველოს ევროპულ გზაზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მართლაც ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციაა. იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის კანდიდატი, ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს კონსტრუქციულად. მთავრობამ და ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ უნდა იმუშაონ ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის ამ თანამშრომლობას. პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამ კიდევ უფრო გაზარდა ეს კონტრპროდუქტიული პოლარიზაცია. იმისთვის, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე სწრაფად გასვლა შეძლოს, ქვეყნის ყველა ინსტიტუტმა ერთად უნდა იმუშაოს, ანუ ითანამშრომლოს. ქართველმა ლიდერებმა არ უნდა გაუშვან ხელიდან ეს ისტორიული შანსი“, – წერს ბორელი.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას. ევროკავშირი მიესალმება ამ კუთხით საქართველოს მკაფიო პოზიციას საერთაშორისო ფორუმებზე. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ძალისხმევის კოორდინაციას ჩვენს უახლოეს პარტნიორებთან რუსეთის საერთაშორისო იზოლაციისთვის. ამიტომ, მივესალმები საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას სანქციების გვერდის ავლის პრევენციის საკითხში. ამ მხრივ, საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა და მე გამოვხატე ჩვენი მკაფიო აღიარება ამ ძალისხმევისთვის. თუმცა, ისიც უნდა მეთქვა, რომ ვწუხვართ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, რამაც თბილისი რუსების ევროპაში შეყვანის ცენტრად აქცია. ასევე საჭიროა მეტი ჩართულობა რუსეთის ჰიბრიდულ აქტივობებთან დასაპირისპირებლად, დაწყებული რუსეთის პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ომით. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოში დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, რათა ხელი შეუწყოს ინფორმაციის მანიპულირებისადმი მდგრადობას. დამოუკიდებელი მედია და ინფორმაციის სამართლიანი ხელმისაწვდომობა დემოკრატიის საფუძველია“, – წერს ბორელი.